ოფიციალურად - გონსალო იგუაინი ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელია. ამის შესახებ სერია A-ს ვებგვერდი იუწყება.
არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ იუვენტუსი ნაპოლის 90 მილიონ ევროს გადაუხდის, ეს თანხა ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიფარება. ფეხბურთელი კი სეზონში ანაზღაურების სახით 7.5 მილიონს მიიღებს და იგი იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
იუვენტუსის ისტორიაში ეს ტრანსფერი სიძვირით სარეკორდოა. აქამდე ბებერმა ქალბატონმა ყველაზე დიდი თანხა 2001 წელს, ჯანლუიჯი ბუფონში გადაიხადა.
ნაპოლის გულშემატკივრები კი არგენტინელ ფეხბურთელს "მოღალატეს" უწოდებენ. ისინი იგუაინის მაისურებს წვავენ და სოციალურ ქსელში ფეხბურთელს ემუქრებიან კიდეც. რამდენიმე მათგანმა თავდამსხმელს ფეხის მოტეხვაც უსურვა. ნაპოლის გულშემატკივრებმა ქუჩაში საპროტესტო აქცია გამართეს.
"იგუაინი ჩვენთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთელი. ის ჩვენი სიმბოლო იყო, მაგრამ გაგვყიდა და გვიღალატა. დიეგო მარადონა არასოდეს მოიქცეოდა ასე," - განაცხადა ერთ-ერთმა ქომაგმა.
გონსალო იგუაინი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში იცავდა ნაპოლის ღირსებას და შარშან გამორჩეული სეზონიც ჰქონდა – სერია A-ს 35 შეხვედრაში 36 ბურთის გატანა მოახერხა, რაც ამ ჩემპიონატის ისტორიაში ასევე სარეკორდოა.