„გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და რეაგირება ამ თემაზე, როდესაც ყველანი ინფორმირებულები იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით,“- ეს განცხადება, საჯარო რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, „კურიერთან“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გადადგომაზე საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი ინფორმირებული იყო. საჯარო რეესტრის ყოფილმა თანამშრომლის განცხადებით, უგრეხელიძეს გადადგომა არ არის საკმარისი ნაბიჯი, მომხდარს სამართლებრივი რეაგირებაც უნდა მოჰყვეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან კარგად ინფორმირებული იყო მოპასუხის მხრიდანაც, მე მას ელექტრონული ფოსტითაც გავუგზავნე, მივწერე წერილი და მასში აღწერილი იყო ჩემი მიმართვა, როგორც ქალს, გუშინ რადგან ახსენა, მას როგორც ქალ - მინისტრს უნდა მოვუსმინოო, ამასთან დაკავშირებით მინდოდა უბრალოდ ხაზი გამესვა, რომ ზუსტად ასეთი ტექსტით მივმართე მე მას. გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და რეაგირება ამ თემაზე, როდესაც ყველანი ინფორმირებულები იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე დავამატებდი იმას, რომ ველოდები სამართლებრივ რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით,“- განაცხადა საჯარო რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა.