საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულია ეკატერინე მესხიძის მეუღლეც. მესხიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილ უფროსს, პაპუნა უგრეხელიძეს, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ეკატერინე მესხიძის მეუღლის ინტერესებს სასამართლოში აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს.
„მას შემდეგ, რაც მსხვერპლმა დატოვა სამსახური და სხვაგან გადავიდა სამუშაოდ, უკმაყოფილებას გამოთქვამდა ბატონი პაპუნა უგრეხელიძე, რომ მისი მეუღლე ისევ რჩებოდა საჯარო რეესტრის სისტემაში, რჩებოდა როგორც თანამშრომელი. ამის დასასჯელად კიდევ ერთი მექანიზმი გამოიყენა და თითქოსდა, დისციპლინური გადაცდომით სამსახურიდან გამოაგდო. ეს არის ცალსახად უკანონო და გაგრძელება იმ ზეწოლისა და იძულების, რასაც მსხვერპლის მიმართ ადგილი ჰქონდა,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მთავარმა იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა.
პაპუნა უგრეხელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ სექსუალური შევიწროების ბრალდებები შურისძიება იყო იმის გამო, რომ ეკატერინე მესხიძის მეუღლე -ზურაბ ყიფიანი, დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა საჯარო რეესტრიდან.