20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
სექსუალური შევიწროების სკანდალის შემდეგ უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა - ოპოზიცია იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსი და ყოფილი თანამშრომელი ერთმანეთს სასამართლოში შეხვდებიან.

პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კურიერში 3 დღის წინ გასულ რეპორტაჟს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. უგრეხელიძემ სექსუალური შევიწროების ფაქტი უარყო და თქვა, რომ მთელი ეს კამპანია მისმა ყოფილმა თანამშრომელმა შურისძიების მოტივით აუგორა.

პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობიდან წასვლამდე იმ პირის ვინაობა გაასაჯაროვა, ვინც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

შევიწროების მსხვერპლმა, ეკა მესხიძემ, კურიერთან იმ მესიჯების ნაწილი გაასაჯაროვა, რომელიც სახალხო დამცველის დასკვნაშიც არ მოხვედრილა. მესხიძე ამბობს, რომ პაპუნა უგრეხელიძე მას პერმანენტულად ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა. მესხიძე ამტკიცებს, რომ მისი მეუღლის სამსახური კი, რომელიც ასევე საჯარო რეესტრში მუშაობდა, სწორედ მასსა და უგრეხელიძეს შორის არსებულ დაპირისპირებას შეეწირა.

დღესვე გაირკვა, რომ საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებული სექსუალური შევიწროების მსხვერპლის, ეკა მესხიძის, მეუღლე რამდენიმე თვეა, სასამართლოში ჩივის და მის ინტერესებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო იცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები აცხადებენ, რომ ზურაბ ყიფიანის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ფორმალური იყო და ის დევნის მსხვერპლი გახდა.

პაპუნა უგრეხელიძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, გადადგომას მოითხოვენ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ წულუკიანი დანაშაულის თანამონაწილეა, რადგან თვეების განმავლობაში სექსუალური შევიწროების ფაქტს მალავდა.

 

დღის ამბები