„ოპოზიცია ელემენტარულად კითხვას ვერ სვამს დოკუმენტის შესახებ“- ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა გენერალურ გეგმაზე საუბრისას გააკეთა.
კალაძე თბილისის გენერალური გეგმის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან დახურულ კარს მიღმა მსჯელობს. შეხვედრას არ ესწრება საპარლამენტო ოპოზიცია.
ჟურნალისტების კითხვაზე რატომ არ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრაზე კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს მიმართა.
„არჩილ დაპატიჟეთ ოპოზიცია?“-რაზეც თალაკვაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მიწვეულია ყველა იმ კომიტეტის წევრი, რომელსაც თვითმმართველობის საკითხები ეხება.
დედაქალაქის მერის თქმით, ოპოზიციის პრობლემაა, თუ ისინი შეხვედრას არ ესწრებიან. კალაძის განცხადებით, რეალურად ოპოზიციას არ აინტერესებს დედაქალაქის განვითარებისა და მიწათსარგებლობის დოკუმენტი. კალაძე ამბობს, რომ ოპოზიცია საკითხის ირგვლივ კითხვებსაც ვერ სვამს, რადგან გეგმას ამ დრომდე არ გაცნობიან.
„ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ ოპოზიციაც ყოფილიყო შეხვედრაზე, თუმცა რეალურად მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ ელემენტარულად კითხვას ვერ სვამენ დოკუმენტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ გაცნობიან დოკუმენტს.
იმის მიუხედავად, რომ რამოდენიმეჯერ იყო მიმართვა, რომ ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტში, რომელიც უნდა მიიღოს დედაქალაქმა - მათ ეს არ ისურვეს და გასაგებია რატომაც, ამის მაგალითია გუშინდელი დღე, როდესაც ცდილობდნენ დებოში მოწყობას,“ - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება სხდომის დახურვას, კალაძის თქმით, სხდომა დახურულია, რადგან დაგეგმილია, რომ დოკუმენტი და დოკუმენტის ირგვლივ არსებული შენიშვნები მხოლოდ დეპუტატებს გააცნონ.