რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ ქართველი ანალიტიკოსები.
მათი აზრით, შექმნილი ვითარება ერთგვარი ტესტია, რომლებიც თბილისმა წარმატებით ჩააბარა და ღიად დააფიქსირა, ევროპის მიმართ სოლიდარობა.
„ეს არის სიგნალი პოლიტიკური, რომელიც ადასტურებს ერთიანობას ცივილიზებული, დასავლური სამყაროსთვის. სწორედ ამ ერთიანობის გატესტვა უნდოდა რუსეთს და თუკი ჩვენ ამ ნაბიჯს არ გადავდგამდით, მაშინ აღმოჩნდებოდა, რომ არ ვართ იმ სამყაროსთან, ვინც უპირისპირდება რუსეთს. ეს იყო ძლიერი პოლიტიკური გზავნილი, იმისათვის, რომ შევაკავოთ შემდგომი რუსული აგრესია,“-განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი ერთიანობის შემთხვევაში, რუსეთის რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.
„ჩვენ ვართ ერთ-ერთ ყველაზე დიდი დაზარალებული რუსეთის მხრიდან, ამიტომ არ უნდა გვიჭირდეს ასეთ ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ამ ნაბიჯს მივესალმები. რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, რუსეთის რეაქცია იქნება არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობაზე. 24-25 ქვეყანა გახდა, ვინც მათი საელჩოს თანამშრომლები გააძევა. არ მგონია რომ ახლა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენთვის. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ახლა დასავლეთს გვერდით დავუდგეთ,“-აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.