20 ნოემბერი 2024,   11:15
ვრცლად
ხარისხი, მენეჯმენტი, ფინანსური რესურსის ხარჯვა - გადამდგარ მინისტრ ალავიძესთან კითხვები მმართველი გუნდშიც აქვთ

„მე ასე პირდაპირ ვერაფერს დავუკავშირებ, ოფიციალური მიზეზი, რატომ გადადგა ინფრასტრუქტურის მინისტრი, გაცხადებულია,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გედევან ფოფხაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის თანამდებობიდან წასვლასთან  დაკავშირებით გააკეთა.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციის მიერ ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც კორუფციულ გარიგებებს ეხება. 

გედევან ფოფხაძის თქმით, სამინისტროში საკმაოდ დიდი თანხა ტრიალებდა და აცხადებს, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება, მათ შორის, ფინანსურ ხარჯვასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, სამინისტროში რა და როგორ ხდებოდა, ამაზე ინფორმაცია პარლამენტსაც უნდა ქონდეს და საზოგადოებასაც. ბუნებრივია გვაქვს კითხვები, ბევრი რამ კეთდებოდა სამინისტროში და როცა ბევრი რამ კეთდება, კითხვები ჩნდება, ხარისხთან დაკავშირებით, მენეჯმენტთან, ფინანსური რესურსის ხარჯვასთან დაკავშირებით. არ მიყვარს წინასწარი ფონის შექმნა და დადანაშაულება, თუმცა, როცა რამდენიმე მილიარდს ხარჯავს სამინისტრო, ბუნებრივია, კონტროლის მექანიზმები სათანადო უნდა იყოს, რომ ვინმემ ეს ბოროტად არ გამოიყენოს,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უწყებაა, რომელსაც დიდი ბიუჯეტი აქვს. შესაბამისად, როგორც ბესელია ამბობს, ყოველთვის მოიძებნება უკმაყოფილო ადამიანი.

„ყოველთვის მოიძებნება ვიღაცა ვინც შეიძლება იყოს უკმაყოფილო. ის რომ ზურა ეფექტური მენეჯერია და ძალიან ენერგიული, ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს, რომელიც სჭირდება ამ პოზიციასაც და სხვა ბევრ პოზიციასაც ეს შემიძლია ვთქვა. სხვა საკითხები, რაზეც საუბრობენ მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს“-ამბობს ბესელია.  

საპარლამენტო უმრავლესობაში პრემიერის ის განცხადებაც შეაფასეს, რომელიც კვირიკაშვილმა მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

ზაზა გაბუნიას თქმით, გიორგი კვირიკაშვილი გუნდში მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობს.

გაბუნია მიიჩნევს, რომ პრემიერი სწორად მოიქცა, როცა თავისი მკვეთრი განცხადებით წერტილი დაუსვა სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებას.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზურაბ ალავიძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერმა ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი წარადგინა. კვირიკაშვილის თქმით, ზურაბ ალავიძე მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

დღის ამბები