20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს - პრეზიდენტი

"ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რეფერენდუმის ჩატარების დღესთან დაკავშირებით გააკეთა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი მარგველაშვილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხს ელის.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის დღეს. ჩვენს ისტორიას ათასწლეულების განმავლობაში სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა  წარმართავდა.

"31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა თვალსაჩინოდ გამოხატა ურყევი ნება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა. მაშინ ყველამ ერთხმად, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ, გავხდეთ თანამედროვე დემოკრატიული თანამეგობრობის ღირსეული წევრი, დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის. ჩვენ ეს მიზანი არასოდეს დაგვიყენებია კითხვის ქვეშ და დღესაც საქართველო განაგრძობს სვლას საერთო ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ადგილისათვის.

"დღეს, ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღეა, რომელსაც 79 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში.

"სწორედ ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

"როდესაც ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მონაპოვარი  დემოკრატიული ღირებულებაა, როდესაც ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, საზოგადოებაში კვლავ  პასუხგაუცემელია კითხვები ზვიად გამსახურდიას  გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ბუნდოვანება და კითხვები არ დარჩეს,“ - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

დღის ამბები