„ლავროვის განცხადება არ მომისმენია, თუმცა, ზოგადად, შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემმ რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებს სოლიდარობას უცხადებს და დიპლომატების გაძევებაც ამის მანიშნებელია.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ სწორად და პრინციპების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პრინციპები საგარეო პოლიტიკაში და ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება ამ პრინციპებს ეფუძნება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით ოფიციალური ნოტა უკვე გადასცა.
ოფიციალურ ნოტაში ნათქვამია, რომ რუსმა დიპლომატმა საქართველო 7 დღეში უნდა დატოვოს.
დიდ ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ ბრიტანეთმა სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. დასავლურმა ქვეყნებმა რუსი დიპლომატები გააძევეს. აღნიშნულ დიპლომატიურ ქმედებას რუსეთმაც უპასუხა და "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა ამ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულების თანამშრომელები.