25 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
რუსული НТВ Плюс საქართველოში - ენმ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან განმარტებებს ითხოვს 

"ნაციონალური მოძრაობა"  რუსული მედია გიგანტის, НТВ Плюс-ისთვის ლიცენზიის მიცემის კანონიერების დადგენას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა კითხვებით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს უკვე მიმართა.

საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის ” თავმჯდომარის მოადგილის თქმით, რუსეთის სამთავრობო უწყებასთან დაკავშირებული ჰოლდინგის საქართველოს ბაზარზე მაუწყებლობა რუსული პროპაგანდის პირდაპირი საფრთხეა.

„არ შეიძლება მედიასაშუალებას, რომელიც დაკავშირებულია სხვა ქვეყნის სამთავრობო უწყებასთან, მიეცეს მსგავსი ლიცენზია. „გაზპრომი“ ეს არის რუსეთის ხელისუფლების ინსტრუმენტი, გაზპრომის დაქვემდებარებაში მყოფი მედიასაშუალებები არის საინფორმაციო იარაღი რუსეთის ხელში და ჩემთვის საინტერესოა რატომ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულმა უწყებამ, რომ მიეცა მათთვის ჩვენს ქვეყანაში შეუზღუდავად ოპერირების შესაძლებლობა,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ სპეციალური საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების ინიციატივით გამოდის "ევროპული საქართველოც”. პარტია ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართვას ყველა პროდასავლურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას სთავაზობს.

დღის ამბები