24 აპრილი 2024,   06:44
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - განაჩენი ხვალ გამოცხადდება 

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება. ცნობილია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა სასმართლო გადაწყვეტილებას არ დასჯერდება. ის კვლავ ითხოვს საქმეში მონაწილე სხვა პირების დასჯასაც.

მოკლული დავით სარალიძის მამა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. ერთსაათიან შეხვედრაზე ზაზა სარალიძე გიორგი მარგველაშვილის გუნდს არწმუნებდა, რომ მისი შვილის ორ მკვლელს პროკურატურა მფარველობს.

ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ მე-12 კლასელს 12 ჭრილობა, მათ შორის ერთი სასიკვდილო ერთმა მე-11 კლასელმა მიაყენა. ამ ვერსიის არ სჯერა ზაზა სარალიძეს და უკვე 6 თვეა, რეალური მკვლელების დასჯას ითხოვს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში პოლიტიკოსები ხელისუფლების ინტერესს ხედავენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მკვლელობის მონაწილეებს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დავალებით ხელს აფარებს, რადგან საქმეში ყოფილი პროკურორის ოჯახის წევრები ფიგურირებენ. ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რადგან ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს.

ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე კითხვები საპარლამენტო უმრავლესობაშიც აქვთ, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ პროკურატურა საქმეს სათანადოდ იძიებს და განაჩენიც ობიექტური იქნება. „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას არასრულწლოვანების დუმილი აფერხებს, რადგან დაკითხვის დროს ჩხუბში მონაწილე 25 მოზარდიდან უმეტესობამ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები