დადგენილება, რომელიც ცხოველებს ერთმანეთთან სქესობრივ კავშირს უკრძალავს - ხაშურის მუნიციპალიტეტის დადგენილების მიხედვით, შინაურის ცხოველების, ძაღლებისა და კატების გამრავლება 2 წლამდე და 6 წლის ასაკის შემდეგ წელიწადში მხოლოდ ერთხელ დაიშვება.
ხაშურის გამგეობაში განმარტავენ, რომ საუბარია არა მოსახლეობის კუთვნილ ცხოველებზე, არამედ მათზე, ვინც პოპულაციას და სელექციას ეწევა.
მოსახლეობას უკვირს, როგორ უნდა მოახერხონ საკუთარი ცხოველების გაკონტროლება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამგვარი დადგენილების მიღების ნაცვლად, ხალხზე იზრუნონ ჯობია, რადგან ხაშურში სხვა გაცილებით სერიოზული პრობლემები არსებობს.
ხაშურის საკრებულოში მოსახლეობის ბრალდებებს არ ეთანხმებიან. ამბობენ, რომ მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, ხაშურში ბევრი რამ გაკეთდა, ამიტომ საზოგადოების აქცენტები უკვირთ.
ხაშურის გარდა, მსგავსი დადგენილება მიიღეს ფოთშიც. საკრებულოს დადგენილება ადგილობრივებს ცხოველებთან ზოოფილურ აქტებს უკრძალავს. დადგენილი წესებით, ზოოფილია შავით თეთრზე აკრძალეს.
დადგენილებას სხდომაზე ყველა ადგილობრივმა დეპუტატმა ერთსულოვნად მისცა ხმა, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს რას უყარეს კენჭი, დეპუტატმა მამუკა ხორავამ საკუთარი ხმა უკან წაიღო და თქვა, რომ იმ დღეს მხარი არაფრისთვის არ დაუჭერია.
შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი 4-მა მუნიციპალიტეტმა დაადგინა. ეს წესები საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და ცხოველებთან ჰუმანურ მოპყრობას ითვალისწინებს.