ცესკოს თავმჯდომარეზე მომხდარი თავდასხმა ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, დავით კირთაძის ქმედებას იწონებს და მას მადლობასაც უხდის.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, კირთაძის ქმედება სამოქალაქო გამბედაობის აქტი იყო.
"ეს იყო სამოქალაქო გამბედაობის აქტი. ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული პოზიციები დაფუძნებულია ორ განსხვავებულ აღქმაზე. ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, რომ გვაცხოვროს პარალელურ სამყაროში. სინამდვილეში, ვართ ქვეყანაში, სადაც არჩევნები გაგვიუქმეს, ცესკოს თავმჯდომარემ მოაწერა რუსული სპეცოპერაციით ქართველი ხალხის ნების შეცვლას. ამიტომ, მსგავსი ტიპის აქტი არის სამოქალაქო გამბედაობის აქტი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მმართველი გუნდისთვის მსგავსი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს.
დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს შავი ფერის დაუდგენელი სითხე, გუშინ, ცესკოს სხდომაზე შეასხა. სხდომა დროებით შეჩერდა, თუმცა განახლების შემდეგ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა. თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.