პარლამენტის პირველი სხდომა, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან, მე-10 დღეს ჩაინიშნება.
მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მხრიდან სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა და საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკური პიარის შემადგენელი ნაწილია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა ამომრჩევლების მხრიდან მაღალი ლეგიტიმაცია უკვე მიიღო, ოპოზიცია კი, არჩეული ტაქტიკით, საკუთარი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ პროცედურა კანონმდებლობით ზუსტად არის გაწერილი. შესაბამისად, პარტიული სიების გაუქმების შესაძლებლობა მსურველებს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ ექნებათ.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დელეგატის, გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას 76 მანდატი სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ცნობა პირველ სხდომაზე მოხდება.
"პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთვის 76 მანდატი არის საკმარისი და ამას, რასაკვირველია, ჩვეულებრივი ლოგიკაც კარნახობს, არა მარტო კანონი და კონსტიტუცია. შეკრების ზუსტი თარიღები დადგენილი არ არის, მაგრამ არსებობს რეგლამენტი და ჩვენ მკაცრად მივყვებით ამ რეგლამენტს; შეკრება, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, შემდეგ - პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზება...", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საბოლოო შედეგების თანახმად, "ქართულ ოცნებას" 89 მანდატი, კოალიციას "ცვლილებისთვის" 19 მანდატი, "ნაციონალურ მოძრაობას" 16 მანდატი, "ძლიერ საქართველოს" 14 მანდატი, გახარიას გუნდს კი 12 მანდატი აქვს.