არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში, პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც სრული შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის დასწრება საკმარისია ყველა წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის, მათ შორის მათიც, ვინც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
მმართველი გუნდის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში, ამით მმართველ გუნდს არც არაფერი დააკლდება და არც მოემატება, თუმცა ის ვარაუდობს, რომ, 2020 წლის მსგავსად, ახლაც შევლენ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში.
"ოპოზიცია შემოვა თუ არ შემოვა, პარლამენტში დასხდებიან თუ არ დასხდებიან, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა პროცედურა შეგვიძლია აღვასრულოთ მათ გარეშე. ჩვენი მოლოდინია, რომ, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ისინი მაინც შემოვლენ პარლამენტში, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს. შეგახსენებთ, იმ გაცდენილი დღეებისთვის რა ხელფასებიც იყო გაქვითული, ფაქტობრივად, ხვეწნა-მუდარის რეჟიმში იყვნენ, რომ ის ხელფასები ანაზღაურებოდათ. სავარაუდოდ, ახლაც იგივე მოხდება, თუმცა ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას, რომ მათი არშემოსვლით ჩვენ არაფერი არ დაგვაკლდება და, თუ ისინი შემოვლენ პარლამენტში, ამით არაფერი შემოგვემატება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.