სასამართლო ხელისუფლებას დღეს ე.წ. ბოსები აკონტროლებენ და მართლმსაჯულებით ვაჭრობენ - “საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ სასამართლოებში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით სკანდალური კვლევა წარმოადგინა.
ორგანიზაციას კონფიდენტებმა ის სქემები გაუშიფრეს, რომლითაც დღეს სასამართლოში საქმეები ლაგდება და რომლის სათავეშიც გავლენიანი კლანები დგანან. ამონარიდი ერთ-ერთი წყაროს ჩვენებიდან: "საქმეები ლაგდება „ბოსებთან.” ანუ, გავლენიანი ჯგუფის წევრი მოსამართლე იღებს ფულს და შემდეგ საქმეებს ანაწილებს იმ მოსამართლეებთან, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არიან.
კიდევ ერთი ანონიმური წყარო, რომელიც ყოფილი მოსამართლეა, ჰყვება, რომ სისტემაში ნოყიერი ნიადაგია ე.წ. ელიტური კორუფციისთვის და გავლენიან ჯგუფებს კორუფციული გარიგებების დადებაში ხელს არც არვინ უშლის. სკანდალურ ბრალდებებს დღეს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ კვლევა ცრუ ინფორმაციას ეფუძნება.
კვლევას ეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, მას თავად აქვს არსებულ კორუფციაზე ბევრი ინფორმაცია.
„სამწუხაროდ კორუფციას ვერ შეისწავლის ვერავინ გარდა საგამოძიებო ორგანოსი. საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, მიაქციონ ძალიან სერიოზული ყურადღება. აქ ჩნდება ძალიან სერიოზული რისკები,“-აცხადებს ჯანეზაშვილი.
საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.