11 საცხოვრებელი ზონა, 4 ახალი რეკრეაციული ზონა და მთავარი დაპირება, ქაოტური განაშენიანების დარეგულირება, - ასეთია თბილისის მერიის და კახა კალაძის მოლოდინი დოკუმენტისგან, რომელმაც დედაქალაქის განაშენიანება და გრძელვადიანი განვითარება უნდა დაარეგულიროს. თბილისის განვითარების გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოში უკვე შევიდა.
„11 არეალი არის გამოყოფილი მაგალითად როგორც ლისის ტბის ტერიტორიის მიმდებარე ფართები. ჩვენ იქ შევზღუდეთ მშენებლობები. შევაჩერეთ დროებით და ზუსტად ეს ტერიტორიაზე მოხვდა გენგეგმის ნაწილშიც, სადაც უნდა განისაზღვროს, უნდა ჩატარდეს კვლევა და უნდა დაიდოს დოკუმენტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ტერიტორიების განვითარება, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რაც გვაქვს მაგალითად სპორტის სასახლის უკან და სამწუხაროდ არის კიდევ რამდენიმე ადგილი სადაც ქაოტურად არის განაშენიანებული,“-განაცხადა კახა კალაძემ.
გენერალური გეგმის მიხედვით შერჩეულია 11 ლოკაცია, სადაც უნდა მოხდეს დამატებით ჩარჩო გეგმის დამუშავება, მათშორის საუბარია ელიავას ბაზრობის ტერიტორიაც არის. დოკუმენტის მიხედვით ამ ადგილას რეკრეაციული ზონა უნდა განთავსდეს თუმცა ისე, რომ კერძო ბიზნესი არ დაზარალდეს და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდეს.