სოფელ ჭუბერში შექმნილ ვითარებას “ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე „ნენსკრა ჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები გაჩერებულია.
„გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე „ნენსკრა ჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით.
შესაბამისად, შექმნილ ვითარებას „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს,”-ნათქვამია განცხადებაში .
განცხადებაში ასევე წერია, რომ კომპანია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას.
სვანეთი კატასტროფის წინაშეა, მაღალმთიანი რეგიონის ერთ ნაწილს დატბორვა, ნაწილს კი წალეკვა ემუქრება. ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სახლი წაიღო, მოსახლეობა გარესამყაროს მოწყდა.
წაღებულია 4 ხიდი, ჯერჯერობით, უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები ან დაღუპულები.