17 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
სვანეთი კატასტროფის წინაშეა - სპეციალისტები ვერტმფრენების გამოყენებას ითხოვენ

სვანეთი კატასტროფის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ნენსკრას ხეობაში ოკრილას შენაკადთან მთა ჩამოიშალა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა. ამის შემდეგ წყალმა სწრაფად დაიწყო დაგუბება, პარალელურად, მდინარემ კალაპოტი იცვალა. გაჩნდა საფრთხე, რომ დაგუბებული წყლის მასა ხეობის ქვევით მდებარე სოფლებს წალეკავდა.

ხეობის სოფლები კი გარესამყაროს მოწყდა, რადგან სტიქიამ ყველა ხიდი წაიღო, რომელიც სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ხეობაში მდინარე ნენსკრაზე 1200 მეგავატიანი ნენსკრაჰესი შენდება.

სპეციალისტები ცდილობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღონ. თუმცა ისინი მდინარის შესასვლელთან მისვლას ვერ ახერხებენ. ინფორმაციის ნაწილი ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ვრცელდება.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ადგილზე სპეციალისტების ჩასვლა ვერტმფრენებით მოხერხდეს.

„მდინარე ოკრილა ადიდდა, ეს არის ნენსკრას შესართავი და ასევე გამოიწვია ნენსკარას ადიდება. ვიცით, რომ ყველა მდინარე წაღებულია ერთი მოკლე ხიდის გარდა, ცენტრი არის მთლიანად დატბორილია, გზები, ხიდები წაღებულია. თემთან კომუნიკაცია გაწყვეტილია. როგორც ვიცი, ჯგუფი გასულია, მაგრამ ისინი სათავეებთან მისვლას ვერ შეძლებენ, რადგან გზა არ არსებობს. მოხარულები ვიქნებით, თუ გვექნება საშუალება, რომ ასეთ სიტუაციებში გამოვიყენოთ ვერტმფრენი, ან ტექნიკა, რომელიც რეგიონს დაგვაკავშირებს,“- განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ.

გეოლოგებმა ნენსკრაჰესის მშენებლობის პროცესი შეაფასეს. მათი ნაწილის თქმით, აუცილებელია სახელმწიფოს სრული სურათი ჰქონდეს, როგორ შეიძლება ადგილზე მოვლენები განვითარდეს.

„გამოსავალია, რომ სანამ ჰესი აშენდება და საჭიროა, რომ ჰესი აშენდეს, უნდა იყოს ძალიან დეტალური კვლევა. ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე იზრდება, ეს, ალბათ, გლობალური კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული, ასევე იზრდება ამ კატასტროფების მიერ გამოწვეული ზარალის რაოდენობა. კატასტროფებს ვერ შევაჩერებთ, გამოსავალი არის ისევ მონიტორინგის სისტემები. ადამიანები არ უნდა სახლობდნენ ჭალებში, მდინარის სიახლოვეს, მეწყერსაშიშ ადგილებში. საჭიროა ბედის ამარა არ ვიყოთ და გვქონდეს უფრო მეტი მონაცემი წინასწარ, რომ შევძლოთ მომავალი კატასტროფების გარკვეული ალბათობით პროგნოზირება,“- განაცხადა  გეოლოგმა ლაშა სუხიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები