17 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ადიდებული მდინარის ტყვეობაში - თითქმის 12 საათია სვანეთი სტიქიური უბედურების ეპიცენტრია

თითქმის 12 საათია სვანეთი სტიქიური უბედურების ეპიცენტრია. ჭუბერში ყველაფერი წყალს მიაქვს. თემის სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ათეულობით ოჯახი შველას ითხოვს. ხალხი ადიდებული მდინარის ტყვეობაშია. დღეს გამთენიისას კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ წაიღო ოთხი ხიდი, დატბორა სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და გზად გაანადგურა პრაქტიკულად ყველაფერი. ჭუბერში პანიკაა. დღეს ღამით წყალმოვარდნას ისევ ელოდებიან.

ძლიერი წვიმის შემდეგ ხოკრილისა მემულის წყლების შენაკადებმა მდინარე ნენსკრის ადიდება გამოიწვია. ჩამოიშალა ხოკრილის მთის ნაწილიც, რასაც წყლის დაგუბება მოყვა. მოგვიანებით, ღვარცოფის დიდი მასა სოფლებისკენ დაიძრა და ჭუბერის თემი ორ ნაწილად გაყო.

სტიქიის ზონაში დილიდან არიან მობილიზებული მაშველები, თუმცა ადიდებული მდინარისა და ღვარცოფის გამო ვერ ხერხდება ჭუბერის თემის მოწყვეტილ სოფლებში გადასვლა. სტიქიის ზონაში ჩარჩენილ მოსახლეობას მხოლოდ ტელეფონით უკავშირდებიან. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობამ სახლები დატოვა და თავი შემაღლებულ ადგილებს შეაფარა. საცხოვრებელი დატოვეს მდინარის პირას მცხოვრებლებმაც. ამ ეტაპზე, მთავარ საშიშროებად კვლავ რჩება ღვარცოფის ახალი ტალღა.

სვანეთში, სტიქიური უბედურების ზონაში, გათიშულია ელექტროენერგია. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები