სტიქია სოფელ ჭუბერში - გეოლოგები, რომლებიც ღვარცოფულ პროცესებს სწავლობენ პირდაპირ მიანიშნებენ, რომ მდინარე ნენსკრა და მისი ხეობა პრობლემური და სარისკო ადგილია.
გეოლოგების თქმით, სვანეთის სოფელში დაგეგმილმა ჰიდრო ელექტროსადგურის მშენებლობამ შესაძლოა, გააღრმავოს კატასტროფის საფრთხეები.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ სვანეთში არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
„სურათი საკმაოდ მძიმეა. ნაკადის სიჩქარე არის ძალიან დიდი, ამას არ ვიცი წინ რა უნდა დაუდგეს... პარალელი, რომ გავავლოთ, ვერე მოხდა ორი წლის წინ, დაახლოებით, იგივე პროცესია, შესაბამისად, მიუთითებს იმას, რომ წინასწარი ვერსიები უნდა გააკეთო და იქ არ უნდა ააშენოთ მდინარის ჭალაში შენობები და უნდა მაქსიმალურად მოვერიდოთ ამ მდინარეს ან შესაბამისი ღონისძიებები გავატაროთ,“ - განაცხადა გოდოლაძემ.
გეოლოგი, გიორგი ვოიჩენკო აცხადებს, რომ არსებობს ალბათობა, რომ მოხდა მყინვართან დაკავშირებული გეოლოგიური პროცესი, რის გამოც, მოხდა ჩამოქცევა.
„არის საფრთხე და უნდა იქნას მიღებული ზომები, რომ ეს საფრთხეები თავიდან აიცილონ. რამდენად სრულდება, ძნელია, ძალიან საუბარი,. როგორც ვიცი, არის შეჩერებული ნენსკრა ჰესის მშენებლობა ამ ეტაპზე და აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მსგავს ღვარცოფულ მოვლენებს,“ - განაცხადა გიორგი ვოიჩენკომ.
გეოლოგი, ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ ჰესის აშენებამდე დეტალური კვლევა უნდა ჩატარდეს.
„გამოსავალი არის ის, რომ სანამ ჰესი აშენდება და ჰესი საჭიროა, რომ აშენდეს, უნდა იყოს ძალიან დეტალური კვლევა. ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე იზრდება, ეს ალბათ, გლობალური კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული და ასევე, იზრდება ასევე, ამ კატასტროფების მიერ გამოწვეული ზარალის რაოდენობა. კატასტროფებს ვერ შევაჩერებთ, გამოსავალი არის ისევ მონიტორინგის სისტემები,“ - განაცხადა იაშა სუხიშვილმა.
"მწვანე ალტერნატივას" წევრის, დავით ჭიპაშვილის თქმით, საფრთხეზე ადგილზე არ არის მოხსნილი და კომპანიამ სამუშაოების განხორციელების დროს შესაძლო ზიანი უნდა გათვალოს.
„პროექტის საჭიროება არ საბუთდება, მეორე, არ არის რეალურად შეფასებული პროექტთან დაკავშირებული რისკები და აქ ვგულისხმობ ორივე რისკს - თავად პროექტის ზემოქმედებას გარემოზე და პროექტიდან გამომდინარე საფრთხეებს გარემოსა და ადამიანებზე და მეორე, გარემოს ზემოქმედებას პროექტზე და გარემოს მიერ შექმნილ საფრთხეებს პროექტზე და შესაბამისად, ადამიანებზე. ის, რომ სამი თვეა, კომპანიას სამუშაოები არ განუხორციელებია, ეს არაფერს არ ნიშნავს,“ - განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.
სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლა მდინარე ნენსკრას ადიდებამ გამოიწვია. სტიქიის გამო სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დატბორილია, რის გამოც, ხიდების დაზიანების გამო სოფელი ჭუბერი, ამ დროისთვის მოწყვეტილია გარესამყაროს.