17 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ექსპერტების გამოკითხვა მნიშვნელოვანია საერთო სურათის შესაქმნელად - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ორი ექსპერტი გამოიკითხა

ხორავას ქუჩაზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში საქმის ექსპერტების გამოკითხვა დასრულებულია.

ექსპერტების განცხადებით, საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზა ისევ დაგეგმილია. რაც შეეხება საექსპერტო მასალებს, მათი განცხადებით, გარდაცვლილთა  სხეულიდან აღებულ ნიმუშები დაცულია და შესაძლებელია განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ექსპერტების გამოკითხვის პროცესი კომისიის წევრებმა შეაფასეს.

დეპუტატების განცხადებით, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს, რასაც საბოლოოდ დასკვნაში ასახავენ.

კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, საქმეზე სხვა ექსპერტებიც დაიკითხებიან, რომლებსაც უფრო დაზუსტებული პასუხი უნდა ჰქონდეთ, რამდენად არის შესაძლებელი დაცულ კანის ანათალებზე ახალი ექსპერტიზის ჩატარება.

ექსპერტებისგან მიღებული პასუხებით კმაყოფილია, საპარლამენტო უმრავლესობაც. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათ კითხვა ჰქონდათ ერთ-ერთ ჭრილობასთან დაკავშირებით, რომელიც სასიკვდილო არ აღმოჩნდა, თუმცა იყო საკმაოდ ღრმა.

„საუბარი შეეხებოდა მეორე ხარისხოვან ჭრილობას, რომელიც იყო 12 სმ სიღრმის და ისმოდა კითხვა შეიძლება თუ არა, რომ 10-11 სმ დანით იქნას ამხელა ჭრილობა მიყენებული. ამაზე დავსვით ძალიან კრიტიკული შეკითხვა და მივიღეთ ძალიან ამომწურავი პასუხი,რომ შეიძლება უფრო მცირე ზომის დანის პირმა დატოვოს უფრო მეტი ზომის ჭრილობა“-ამბობს კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე.

ავტორი:მარიამ შანშიაშვილი

დღის ამბები