კახეთში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერტმფრენში მყოფი პოლიციის თანამშრომლები გეგმიურ როტაციაზე მიდიოდნენ:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ "ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა.
"სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.
ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა მიმდინარეობს,"- ნათქვამია განცხადებაში.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.