17 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ხანძარი სვანეთში - ცეცხლის ლიკვიდირებას მეხანძრეები უკვე მეოთხე დღეა ვერ ახერხებენ

სვანეთში უკვე მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვიან. ზესხოს ხეობაში უკვე 3 ჰექტრამდე ტყე დაიწვა. ხანძრის ლიკვიდაციას მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს ცეცხლის კერებამდე მისვლა უჭირთ. ადგილობრივები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩაერთონ.

ზესხოს ხეობაში ხანძრის ჩაქრობას 250-მდე მეხანძრე მაშველი ამ დრომდე ცდილობს. რთული რელიეფის პირობებში ტყეში შესვლას ვერ ახერხებს სპეცტექნიკა. სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის, შიდა ქართლისა და თბილისის ჯგუფები მონაწილეობენ. მათ ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა მოახერხეს, თუმცა ამ დრომდე იწვის ტორფი, რომლის გაღვივების საფრთხეც კიდევ არსებობს.

მეხანძრეებთან ერთად სტიქიის ზონაში სატყეო სამსახურის 50 მეტყევეც მუშაობს. მაშველები ხანძრის კერამდე ცხენებით შედიან. კლდოვანი პერიმეტრის გასავლელად კი სპეციალურ ეკიპირებისა და თოკების გამოყენება სჭირდებათ.

ხანძრის ჩასაქრობად დღეს მუშაობა ვერ შეძლო ავიაციამ. უამინდობის გამო შვეულმფრენი მხოლოდ ერთხელ შეფრინდა ხეობაში. ამ დრომდე ზესხოს ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ მხოლოდ ცოცხალი ძალა მონაწილეობს.

შეძლებს თუ არა მუშაობას უკვე ხვალიდან ხეობაში ავიაცია, ეს ამინდზე იქნება დამოკიდებული. ასევე ამინდზეა დამოკიდებული გაღვივდება თუ არა ტორფი ტყეში და გავრცელდება თუ არა ხანძარი ღამის განმავლობაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები