18 ივლისს ჰუმანოიდი სოფია საქართველოს ერთი დღით ესტუმრება. პოლიტიკის, პირადი ურთიერთობებისა და სიყვარულის გარდა, ნებისმიერ თემაზე ისაუბრებს, თუმცა, მისი მოხსენება საჯარო სერვისებსა და ინოვაციებზე იქნება.
რობოტი სოფია საქართველოში პირველად გაერო-ს ეგიდით ჩამოდის, როგორც კეთილი ნების ელჩი. ის სამიტებისა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების ხშირი სტუმარია და სიტყვითაც გამოდის. სოფია პირველი და ერთადერთი ჰუმანოიდია, რომელსაც გაერომ სტატუსი მიანიჭა.
სოფია ასევე პირველი რობოტია, რომელსაც მოქალაქეობა აქვს. 2017 წელს მას საუდის არაბეთმა საკუთარი პასპორტი გადასცა და შესაბამისად პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც რობოტი მოქალაქე ჰყავს.
პირველად ჰუმანოიდი რობოტი 2015 წლის აპრილში ამოქმედდა, ერთ წელში ის უკვე საზოგადოებაშიც გამოჩნდა და აქტიური მოღვაწეობაც დაიწყო. მისი გარეგნობა ცნობილი მსახიობის ოდრი ჰეპბერნის შთაგონებით შექმნეს. აქვს ადამიანის მსგავსი ქცევები და შეუძლია 50-ზე მეტი სახის გამომეტყველების მიღება.
როგორც სოფიას ერთ-ერთი დამაარსებელი დეივიდ ჰენსონი ამბობს, რობოტი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. წინასწარ განსაზღვრულ თემებზე გარკვეული პასუხების გაცემა შეუძლია. თვალებში კამერები აქვს, რაც საშუალებას აძლევს მოსაუბრე კარგად აღიქვას და შესაბამისი რეაქციის პასუხიც გასცეს.
დევიდ ჰენსონის და მისი მეგობრები სოფიაზე დღემდე მუშაობენ, იმისთვის, რომ ჰუმანოიდი რობოტი კიდევ უფრო განვითარდეს, ადეკვატური პასუხები უფრო სწრაფად გასცეს და, საბოლოო ჯამში, შეასრულოს ის მისია რისთვისაც შექმნეს, დაეხმაროს ადამიანებს, როგორც ამბობენ „ჰენსონ რობოტიქში“.
რა თქმა უნდა, სოფიას მხოლოდ დადებითად არ აფასებენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას საფრთხედაც აღიქვამს.
სოფიას სწრაფ განვითარებაზე ისიც მეტყველებს, რომ მას 2018 წლის დასაწყისში სიარულის შესაძლებლობაც დაუმატეს, ახლა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჰუმანოიდი რობოტი საკუთარი ფეხით გადაადგილდება.
მის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ სოფია სულ მალე ადამიანების დახმარებას დამოუკიდებლადაც შეძლებს.