20 წლის კოკა კობალაძე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს.
ახალგაზრდა ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ორმა პირმა მიაყენა ერთ-ერთ მათგანს კი პოლიციელის ფორმა ეცვა.
ისინი მისგან მამის, ალექსანდრე კობალაძის შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ, რომელიც რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.
კობალაძე ამბობს, რომ კითხვების ავტორებს მისი პასუხები არ მოეწონათ. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ კობალაძის სახლში გამოკითხვაზე მისულმა პირებმა გამოკითხვის ოქმი შეავსეს, შემდეგ ჰკითხეს, მარტო იმყოფებოდა თუ არა სახლში, ხოლო ამის შემდეგ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მერე არის ასეთი, რაღაც რომ თვალზე ადებს ბასრ საგანს და ეუბნება, რომ თუ არა მეტყვი რა ურთიერთობა გაქვს მამასთან და გაქვს თუ არა ურთიერთობა თვალს ამოგთხრი. სახეზეც ეტყობა ბასრი საგნის კონტაქტი კოკას. ამის შემდეგ ურტყამენ იდაყვს თავში ტოვებენ ჩაკეცილ მდგომაროებაში და ეს პოლიციელები გამოდიან“ -ამბობს ადვოკატი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი თავდასხმაში პოლიციელების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. მომხდარს პროკურატურას სწავლობს. დაწყებულია გამოძიება.