20 წლის კოკა კობალაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს და დაწყებული დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.
ახალგაზრდა ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ორმა პირმა მიაყენა, ერთ-ერთ მათგანს კი პოლიციელის ფორმა ეცვა. მისი თქმით, სამართალდამცავებს აინტერესებდათ, ახალგაზრდა მარტო იყო თუ არა სახლში. ასევე სურდათ, დაედასტურებინათ მამის ადგილსამყოფელი. კოკა კობალაძის განცხადებით, მამის ადგილსამყოფელი არ დაადასტურა, რის გამოც, მას ორივე სამართალდამცავი ურტყამდა.
„ვიზუალურად ერთს შსს ეწერა, ფორმიანი იყო, მეორე ჩვეულებრივ ვიზუალზე, მაგის მერე ერთი იწერდა, მეორე მეკითხებოდა. ეს ყველაფერი აღწერეს, შემომიტრიალეს გაეცანიო, გავეცანი და ხელი მოვაწერე. მეკითხება, რომ შენ აქ ახლა მარტო ხარ, სახლში არიანო. მარტო ვარ მეთქი და მაგას მოჰყვა, სად არის მამაშენი, თქვიო. მაგას მოჰყვა შელაპარაკება და ცემაც, რა თქმა უნდა. ორივე მონაწილეობდა. ნეკნებში მომხვდა მუხლი, ჩავიკეცე და რომ ჩავიკეცე, ზემოდან დამარტყა თავში, ცოტა გონებასაც ვკარგავდი და მაგის მერე თქვა, კარგი, შეეშვი, ხომ ხედავ, არ იძახისო,“ - მომხდარის დეტალებს იხსენებს კოკა კობალაძე.
სამართალდამცავები კოკა კობალაძისგან მამის - ალექსანდრე კობალაძის, შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ, რომელიც რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდასხმაში პოლიციელების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. მომხდარს პროკურატურას სწავლობს. დაწყებულია გამოძიება.