"პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მოსახლეობის ნებას გამოხატავს," - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, აკრიტიკებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზინდენტისთვის საკუთარი ვალდებულებების ასახსნელად მათ რამდენიმე წელი დასჭირდათ, თუმცა, როგორც ჩანს, პროცესი კიდევ უნდა გაგრძელდეს.
„მაშინ, როდესაც მისაღებიც არის პერსონალურად პრეზიდენტის მხრიდან, კონკრეტული კანდიდატი - ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ასეთ დროს დამატებითი დროის აღება და ასეთი ტიპის კომენტარები გაკეთება არის აბსოლუტურად გაუგებარი. ჩვენ გვქონდა ძალიან რთული პერიოდი, როდესაც პრეზიდენტს ვარწმუნებდით იმაში, თუ როგორ უნდა იყოს წაკითხული კონსტიტუციის ესა თუ ის ნორმები. მაგალითად, მთავრობის ნაწილში და ხუთი წელი დაგვჭირდა იმის ასახსნელად, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი პრემიერ-მინისტრობის და მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც გამოხატავს საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ნებას. ეს არის მარტივი რამ, თუმცა, ხუთი წელი დაჭირდა ამ მარტივი ჭეშმარიტების აღსაქმელად პრეზიდენტს და ახლა გვიწევს, როგორც ჩანს, იმის სწავლებაც პრეზიდენტისთვის, რომ ანალოგიურად უნდა იმოქმედოს მან აჭარაში, როდესაც მას გასათვალისწინებელი აქვს უმაღლესი საბჭოს არჩევანის ნება. მე არც ვიყავი პასუხისმგებელი მეცადინეობაზე და სწავლებაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სერიოზული პრობლემა არის. პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც კითხულობს კონსტიტუციას და სწორედ კითხულობს კონსტიტუციას, თუმცა, ამ კუთხით ჩვენ ვხედავთ პრობლემებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა გაცნობითი ხასიათის თორნიკე რიჟვაძესთან უკვე გამართა. თუმცა, ქვეყნის პირველმა პირმა არ გამორიცხა, რომ მის გარდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ სხვა კანდიდატიც დასახელდეს, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.