17 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
მომაკვდავი ლეკვი სისხლის გუბეში - ცხოველთა დამცველები აქციისთვის ემზადებიან

ცხოველთა დამცველები აქციისთვის ემზადებიან. ისინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ საზარელ კადრებთან დაკავშირებით დედაქალაქის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

ვიდეომასალის ნახვის შემდეგ, ცხოველთა უფლებადამცველები რამდენიმე სახის დარღვევაზე საუბრობენ.

გავრცელებულ კადრებში ცხოველთა თავშესაფარში არსებული ვითარებაა ასახული. აქ, დახოცილ ძაღლებთან ერთად, ჩანს მომაკვდავი ლეკვიც, რომელიც ყურადღების გარეშეა მიტოვებული.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ვახტანგ ლომჯარია, კი მის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს.

ლომჯარია ამბობს, რომ ვიდეო მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა გადაიღეს. მომაკვდავი ლეკვი სპეციალურად შეიყვანეს ოთახში, სადაც ცხოველების ლეშები იყო და შემდეგ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. 

ამასთან, ის მეორე პრობლემაზე - თბილისში მკვდარი ცხოველების რაოდენობის გაზრდაზე, ამბობს, რომ ამას ცხოველთა ლეშის რუსთვიდან თბილისში ჩამოტანა იწვევს.

„რუსთავს არა აქვს ბიოთერმულ ორმოსთან ხელშეკრულება გაფორმებული და ამ შემთხვევაში ჩვენ ვემსახურებით რუსთავიდან და თბილისიდან მიღებული ლეშების გადატანას ბიოთერმულ ორმოში. ლეშების შეტანა ხდება სპეციალურ ოთახში, რომელიც არის საკარანტინო ზონაში და დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები,“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები