‘საქნახიშირის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებზე ვერ საუბრობს. გელა გაბინაშვილის განმარტებით, მინდელის შახტში დამონტაჟებული იყო გაზის კონტროლის სისტემა, რომელიც გამართულად მუშაობს.
გელა გაბინაშვილი ამბობს, რომ სამი თვის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ კომპანიამ მეთანის რაოდენობის გასაკონტროლებლად აპარატურა შეიძინა და დაამონტაჟა, თუმცა რა მოხდა შახტში დღეს დილით უცნობია.
გაბინაშვილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა, რადგან მისი ინფორმაციით, გაზის მაკონტროლებელი სისტემა არ დაზიანებულა, თუმცა მას განგაშის სიგნალი არ გადაუცია.
„ყველაფერი დაცულია. ახალი შეძენილია ტექნიკა, რომელიც აკონტროლებს მთლიანად გაზის რაოდენობას. სიგნალს ღებულობს სადისპეტჩერო სამსახური, არიან ოპერატორები, რომლებიც სიგნალს იღებენ შახტიდან მეთანის რაოდენობაზე. ყველაფერი მუშაობს, წესრიგშია, არ ვიცი, რა მოხდა,“- ამბობს გაბინაშვილი.
რაც შეეხება მინდელის შახტში აპრილში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, გაბინაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება დასრულებული ამ დრომდე არ არის და არც სასამართლო გამართულა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპრილის ტრაგედიის შემდეგ რატომ შეუშვეს მეშახტეები შახტში გამოძიების დასრულებამდე, გაბინაშვილი ამბობს, რომ ყველა პროფილაქტიკური სამუშაო ჩატარებული იყო და გაზის რაოდენობის გასაკონტროლებლად აპარატურაც იქნა შეძენილი.
ამ დროისთვის საქმეზე გამოძიებაა დაწყებული. დაკითხვაზე იმყოფებიან საქნახშირის პასუხისმგებელი პირები, გამოძიების დასრულებამდე დაილუქა ტყიბულში მდებარე 25 შახტი.
მინდელის შახტის ერთ-ერთ უბანზე მეთანის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას 4 მეშახტე ემსხვერპლა, ექვსი კი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.