ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 6 დაშავებულიდან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. ისინი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
დაზარალებულებს კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა. დავით სერგეენკოს თქმით, პაციენტების ნაწილი დამწვრობის ცენტრში გადმოჰყავთ ტყიბულიდან, ერთი პაციენტი კი ტრავმული დაზიანებით სხვა კლინიკაშია გადაყვანილი.
„5 პაციენტი გადმოდის თბილისში, ერთი უკვე მიღებულია. ეს არის დამწვრობა, 50 პროცენტის, მეორე პაციენტიც მალე შემოვა აქ, დამწვრობის უფრო დიდი ფართობი არის. უმეტესობა პაციენტებს მიღებული აქვთ დამწვრობა, ერთი არის ტრავმული, რომელიც სხვა კლინიკაში შევა. ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ, დანარჩენები, საბედნიეროდ, საშუალო სიმძიმის არიან,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძის თქმით, ცენტრში შეყვანილი ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
„ამ წუთისთვის ჩვენს კლინიკაში შემოვიდა სამი პაციენტი, 23, 56 და 43 წლის მამაკაცები, აღენიშნებათ სხვადასხვა მიდამოს დაზიანებები, შესაბამისად, 25%, 50% და 5%, სამივე მათგანთან არის სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება, მათი მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა, ამ წუთისთვის არის სტაბილური, მეოთხე პაციენტი იმყოფება გზაში... ამ წუთისთვის ორი პაციენტი იმყოფება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში,“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქება დღეს გამთენიისას მოხდა. გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ვერსიით, ტრაგედია ერთ-ერთ შახტში მეთანის აფეთქებამ გამოიწვია.