ტყიბულის შახტებში უსაფრთხობა არ არის დაცული და ამას ადასტურებს ბოლო ერთ წელიწადში ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების რაოდენობა - ამის შესახებ შახტების თანამშრომლები აცხადებენ და ამბობენ, რომ ხელმძღვანელობა არ იცავს დაქირავებულების სიცოცხლეს.
„საქნახშირის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კი ამტკიცებს, რომ სამი თვის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შახტებში სპეციალური გაზის მაკონტროლებელი აპარატურა დაამონტაჟეს, რომელიც მეთანის მომატების შემთხვევაში განგაშს ტეხს.
მეშახტეები კი ამბობენ, რომ აპარატურით მხოლოდ მათი, თანამშრომლების გადაადგილება კონტროლდება.
„ის ჩიპი რა არის? გამოწმებს სად ხარ. უსაფრთხობა კი არ არის ეგ. არის რაღაც აპარატურა, მაგრამ ითიშება თავისით. აგერაა შედეგი, რა უსაფრთხოების წესებიც შეიცვალა, უსაფრთხოებას რა შეცვლის, როცა ხელმძღვანელობა დაგავალებს, ნახშირის გულისთვის იქ შედი, სადაც შესვლა არ შეიძლება, იქ რა უსაფრთხოწბა უნდა დაიცვა? ხელმძღვანელობამ რომ იცის, არის დაგაზიანება უნდა დაანებოს თავი თუ ვერ შველი იმ ტერიტორიას, უნდა გადახვიდე სხვა ტერიტორიაზე,“- ამბობს შახტის თანამშრომელი.
ერთ-ერთი მეშახტე ირაკლი კირკიტაძე, რომელიც აპრილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავდა, ეჭვობს, რომ სამთო დარტყმა არც სამი თვის წინ მომხდარა.
„წუხელ ჩვენ შევცვალეთ ის ბიჭები, ვინც გარდაცვლილები და დაშავებულები არიან. მე სახლში წამოვედი და ეს ბიჭები შახტში ჩავიდნენ. ჩემი აზრით, ჩიპები აკეთებს თავის საქმეს, როცა უნდათ იციან, სად ვართ. დაგაზიანებას რომ აკონტროლებდნენ, მაშინ აპარატი უნდა აყვირებულიყო და ხალხი უნდა გამოეყვანათ იმ ადგილებიდან. ვერ გეტყვით, არ მუშაობს თუ რა...ეგეთი შემთხვევა იყო მაშინაც. ხმაც იყო და ტალღაც იყო, რომელმაც გადმომაგდო და დამამტვრია, სამთო დარტყმა ეგრე მეგონა, ახლა რომ ვუყურებ ეს სამთო დარტყმა არ იყო," -ამბობს მეშახტე ირაკლი კირკიტაძე.