ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ რამაზ მარგოშვილს კითხავენ. ბრალდებულთან სამართალდამცველები "შაბათის კურიერში" გასული სიუჟეტის შემდეგ მივიდნენ, სადაც მისი ჩვენება გამოქვეყნდა.
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა მარგოშვილმა, რომელიც დუმილის უფლებას იყენებდა, სასამართლოს ჩვენება რამდენიმე დღის წინ მისცა და აჰმედ ჩატაევთან კავშირებზე ისაუბრა.
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე მარგოშვილის ადვოკატმა, ინგა ბოლოთაურმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამომძიებლებს ბევრ ახალ გარემოებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
უფლებადამცველი ამბობს, რომ სასამართლო ჩვენებაზე მარგოშვილს არ მიეცა საშუალება, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავად ესაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება მსჯელობა, გამოკვეთილი იქნება კიდევ ახალი გარემოებები, რასთან დაკავშირებითაც არ მიეცა რამაზ მარგოშვილს სასამართლო პროცესზე დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლემ შეზღუდა, შეუმცირა დრო და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც კონკრეტულ საქმეს შეეხება, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მისცა უფლება, რომ დაეფიქსირებინა მისი პოზიციები,“ - განაცხადა ინგა ბოლოთაურმა.
რაც შეეხება მარგოშვილის კავშირებს აჰმედ ჩატაევთან, უფლებადამცველი ამბობს, რომ რამაზ მარგოშვილი ჩატაევს პირადად მხოლოდ ერთხელ შეხვდა, როდესაც ის სირიაში იმყოფებოდა.
„ჩატაევს თვითონ შეხვდა ერთხელ სირიაში, როდესაც ის იყო გაგზავნილი თხოვნით კონტრტერორისტული ცენტრიდან, შეხვდა მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ. საქართველოში ჩამოვლის მერე მას საერთოდ არ იცოდა, საქართველოში თუ იმყოფებოდა აჰმედ ჩატაევი. არ ჰქონდა ინფორმაცია, თავისთავად არ შეხვედრია. ერთადერთი შეხვედრა იყო 2016 წლის იანვარში, როდესაც იყო წასული მოთხოვნით და მას შემდეგ ის არ შეხვედრია ჩატაევს. მას შემდგ კონტაქტები მარგოშვილს და ჩატაევს შორის არ ყოფილა,“ - განაცხადა რამაზ მარგოშვილის ადვოკატმა.
ასევე, ადვოკატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს აჰმედ ჩატაევის აუდიოჩანაწერი, სადაც ის სუს-ის მაღალჩინოსნებს დახმარების სანაცვლოდ სთხოვს ერთი კონკრეტული ბიზნესმენისგან თანხის ამოღებაში დახმარებას. ეს ჩანაწერი ადვოკატის ინფორმაციით, ამ ჩანაწერის ასლი არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მარგოშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აჰმედ ჩატაევთან საიდუმლოდ თანამშრომლობდა და სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერს შუამავლებსაც უგზავნიდა.