ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე სრულ პასუხისმგებლობას “საქნახშირის“ ადმინისტრაციას აკისრებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაგა ისაკაძე ამბობს, რომ მათ არაერთხელ მოითხოვეს 176-ე კონვენციის რატიფიცირება, რაც მაღაროელთა და მეშახტეთა უსაფრთხოების 100% გაუმჯობესებას გულისხმობს.
„სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ კონკრეტულ ფაქტზე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ხოლო რასთან გვაქვს საქმე ეს არის შრომის უსაფრთხოება, რომელიც ქვეყანაში გვყავს და თან არც გვყავს. ძალიან დიდი ხანია, ვითხოვთ 176-ე კონვენციის რატიფიცირებას საქართველოში, ეს ეხება მაღაროებსა და შახტებში უსაფრთხოების 100% გაუმჯობესებას, რაც ჯერ რეალურად არ გვაქვს,“- ამბობს ისაკაძე.
უკვე სამი საათია, საქნახშირის ხელმძღვანელობას, შახტის ადმინისტრაციისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ტყიბულის პოლიციის შენობაში ჰკითხავენ.
ტყიბულში ყველა შახტი ამ დროისთვის დალუქულია. გადაწყვეტილება სამართლდამცველებმა დღეს დილით მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღეს.
მინდელის შახტში მომხდარ აფეთქებას დღეს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 6 მუშა დაშავდა.
უბედური შემთხვევა იმავე უბანზე მოხდა, სადაც აპრილში 6 მეშახტე დაიღუპა.