17 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ბათუმის მცხოვრები სამართალდამცველებს გულგრილობასა და საქმის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს

ბათუმის მცხოვრები სამართალდამცველებს გულგრილობასა და საქმის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს. დავით ლორთქიფანიძე ყვება, რომ მას ფართი ირანელი ბიზნესმენისგან ჰქონდა ნაქირავები, რომლის მოწყობაშიც ბანკიდან სესხით გამოტანილი თანხა დახარჯა.

მოგვიანებით კი, იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

მოქალაქე ამტკიცებს, რომ ფართის მფლობელმა ადვოკატთან ერთად, ორჯერ სცადა შენობაში შეჭრა, კაფედან ნივთები გარეთ გამოყარა და მას ფიზიკურადაც გაუსწორდა.

ეს ყველაფერი კი მათ პოლიციის თვალწინ ჩაიდინეს, რაზეც სამართალდამცველებს რეაგირება არ ჰქონიათ.

დავით ლორთქიფანიძის მტკიცებით, ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშიც მოხვდა.

„ირანელმა მოვიდა და თურქულად მითხრა, რომ გადი გარეთ, თუ არა, გაგიტანო, რომელზეც მე არ შევეპასუხე, საერთოდ არაფერი მითქვია, მერე მოხდა ისე, რომ ჩამაფრინდნენ თმაში, ხელებში, ფეხებში და გამათრიეს ძალით. გარეთ უკვე რომ გავყავდი, კიბეებთან, რომ გავყავდი, პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლიციელები ყველა იდგა იქ და უყურებდნენ, მეთქი ეს არის თქვენი ხელშეუხებლობა, ვერავინ ვერ შეგახებს ხელს, მაგას დანარჩენს, რომ მოხვალ იქ დამიწერო და გადმომაგდეს კიბეზე,“ - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურატურა დავით ლორთქიფანიძეს განგებ არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს, რომ მან საქმის მასალების გაცნობა ვერ შეძლოს.

„პროკურატურა, რომელსაც არ აწყობს, როგორც ვატყობ. ამ საქმეზე გამოძიების გაგრძელება, არ იღებს ამ საქმეზე გადაწყვეტილებას დაზარალებულად ცნობის თაობაზე. ტანდემია მიღწეული მხოლოდ ერთი მიზნით, ერთი, ირანელს ააცილონ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და, მეორე, არ გამოიკვეთოს პოლიციელების მიერ გულგრილობა, რომელიც დღესაც მოქმედი პოლიციელები არიან და ყველაზე სასწაული ის გახლავთ, რომ ზუსტად ის პოლიციის განყოფილება იძიებს ამ საქმეს, სადაც პოლიციის უფროსის მოადგილე უშუალოდ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები