17 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
"პირად ცხოვრებაში შემოჭრა" - პაატა ბურჭულაძის შვილებმა კიბერთავდასხმის საქმეზე პროკურატურას მიმართეს

პაატა ბურჭულაძის შვილებმა მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართეს და ხუთი თვის წინ აღძრული საქმის დროული გამოძიება მოითხოვეს. მათ შალვა თადუმაძის უწყებას ერთკვირიანი ვადა მისცეს.

პაატა ბურჭულაძის შვილების მტკიცებით, ალექსანდრე ბურჭულაძის ტელეფონი მაშინ ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა და თავდამსხმელები, სავარაუდოდ, მობილურიდან გარკვეული ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ.

ბურჭულაძეების ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან სახელმწიფო უწყებები დგანან. ოჯახის აზრით, კიბერთავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც მათი მამის, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.

„მრავალი ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას თუ რაზე, ვისზე მაქვს ეჭვი, თუ რა მოხდა. რაც მივაწოდე ინფორმაცია, ის საკმაოდ სახიფათოა იმიტომ, რომ ჩემს პირად ცხოვრებაშია შემოჭრა, ჩემს ოჯახშია შემოჭრა. მეუღლე მყავს, შვილები მყავს. ამ ხუთი თვის განმავლობაში მე არ ვიცი ვინ როგორ მაკონტროლებს,“- განაცხადა კომპანია „ირისის“ დამფუძნებელმა და პაატა ბურჭულაძის შვილმა, ალექსანდრე ბურჭულაძემ.

მათი თქმით, კიბერთავდასხმა ბურჭულაძეების კუთვნილი კომპანიის ვებგვერდზეც განხორციელდა.

„არა მარტო ჩვენს ტელეფონებზე იქნა, არამედ ჩვენს კომპანიაზე რამდენჯერმე განხორციელდა სერიოზული კიბერთავდასხმა. ჩვენ დეველოპერები ვართ, ვწერთ პროგრამებს, ასე, რომ ჩვენ გვყავს რამდენიმე პროგრამისტი, IT თანამშრომელი, რომელთა დახმარებით, ჩვენ გავიგეთ, რომ ჩვენს კომპიუტერებზე იყო რაღაც პროგრამები შემოსული, როდესაც რასაც ვბეჭდავდით, ყველაფერი ჩვენი ოფისის გარეთ გადიოდა,“- განაცხადა კომპანია „ირისის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ.

დღის ამბები