17 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
„არანაირი ტაშ-ფანდურისთვის თანხის გამოყოფა არ ხდება"-ფინანსთა მინისტრი მერიის ბიუჯეტის ზრდაზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

„არანაირი  ტაშ-ფანდურისთვის, არანაირი პიარ აქციებისთვის თანხის გამოყოფა არ ხდება“-ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი საკრებულოს ოპოზიციის კრიტიკას  მერიის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. ივანე მაჭავარიანის განცხადებით თანხის გამოყოფა დედაქალაქის მერიისთვის ხდება საჭიროებიდან გამომდინარე.

„ყველა ნებისმიერი გამოყოფილი თანხა არის ან ბიუჯეტის ფარგლებში და თუ არა, ასე ვთქვათ მთავრობის განკარგულებით. არანაირი ტაშ-ფანდურისთვის, არანაირი პიარ აქციებისთვის თანხის გამოყოფა არ ხდება.  ყოველთვის ხდება საჭიროების მიხედვით და ეს საჭიროება განსაზღვრულია ან კანონში ან ჩვენს საჭიროებაში,“-განაცხადა  ივანე მაჭავარიანმა.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მერიას დამატებით 10 მილიონი ლარი პრემიერ ბახტაძესთან შეთანხმებით გამოეყოფა. ირაკლი ზარქუას თქმით თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, მათი ნაწილი კი პიარკამპანიაში დაიხარჯება.

„ამ პოლიტიკას სჭირდება პიარი, სჭირდება საზოგადოებაში მეტი ჩართულობა, მეტი ინფორმაციის გაცემა. ბუნებრივია აქედან გამომდინარე სჭირდება ამას გარკვეული ხარჯების გაღება. მე ვურჩევდი  ოპოზიციას რომ უფრო მეტად ჩაიხედონ დედაქალაქის პრობლემებში. დედაქალაქის მოთხოვნებში, იმ ბიუჯეტის  ცალკეულ მუხლებში თუ რაზე არის გაწერილი ბიუჯეტი და რა მიმართულებით დაიხარჯება,“-განაცხადა ირაკლი ზარქუა.

დედაქალაქის ბიუჯეტი 917 მლნ. ლარამდე იზრდება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ თბილისის მთავრობას დამატებით 10 მლნ ლარი გამოუყო. აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი წესით გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებში უნდა დაიხარჯოს, თუმცა ზრდა არის მაგალითად პიარისა და სარეკლამო მომსახურების მიმართულებითაც. 

დღის ამბები