17 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - საგამოძიებო კომისია დღეს სამ არასრულწლოვანს გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს დროებითი საგამოძიებო კომისია 3 არასრულწლოვანს გამოიკითხავს.

კომისიის წევრები არ აკონკრეტებენ, რომელი სკოლის მოსწავლეები არიან ისინი. თუმცა, დეპუტატები ამბობენ, რომ მოზარდებს ამ საქმესთან შეხება აქვთ და შესაძლოა, მნიშვნელოვან ინფორმაციასაც ფლობდნენ.

სამივე მოზარდი თვითმხილველია ხორავას ქუჩის 4 ნომერში განვითარებული მოვლენების.

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ, აღნიშნა, რომ დღეს გამოსაკითხ სამ არასრულწლოვანს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გამოძიებამ საქმის პირველადი შესწავლის დროს არ დაკითხა.

„ასეთ არასრულწლოვნებს, სამწუხაროდ, უჭირთ, დეტალებში აღიდგინონ საუბრის დეტალები და მათ მიერ დანახული სხვადასხვა გარემოებები. ასე რომ, რა თქმა უნდა, თავის დროზე მათი არდაკითხვა იყო გამოძიების შეცდომა, თუმცა, დღესაც ჩვენ ვიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათგან,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი, იმედოვნებს, რომ დღევანდელი დაკითხვის შემდეგ გარკვეული დამატებითი დეტალები კომისიის წევრებისთვის გახდება ცნობილი, როგორც ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით, ასევე შემდეგ გამოძიების მსვლელობასთან მიმართებით.

დღის ამბები