მიხეილ რამიშვილმა დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა. მეუფე გრიგოლთან და მეუფე ილარიონთან 4-საათიანი შეხვედრის დეტალები მამა გიორგი მამალაძემ დღეს თავის ადვოკატს გააცნო.
მიხეილ რამიშვილმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი თქმით, დეკანოზმა მაღალი რანგის სასულიერო პირებს, სრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია ციანიდის საქმეზე.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ეს საქმე ასევე უკავშირდებოდეს გარკვეული ჯგუფების სურვილს, რომ პატრიარქმა დატოვოს თანამდებობა.
„დეტალურად იყო ყველა საკითხი განხილული, შიდა სამზარეულოში ის კითხვები, რაც კი არსებობდა და დღეს საზოგადოებაშიც არის, თუ რა შეიძლებოდა და ვისგან შეიძლებოდა და რა მიზანიც ჰქონდა, ამაზეც იყო საუბარი. ის ფაქტი, რომ ისეთი საკითხები, რომელიც თვით მათთვისაც უცნობი იყო, ამან გამოიწვია ზუსტად ის მოთხოვნა, რომ წმინდა სინოდზე მოხდეს განხილვა, ხელმეორედ მოხდეს გამოძიება,“ - განაცხადა რამიშვილმა.
მამა გიორგი მამალაძე მზად არის შეხვდეს ნებისმიერ სასულიერო პირს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, იგეგმება თუ არა მსგავსი შეხვედრა მასთან.
ე.წ. ციანიდის საქმის ხელახალ გამოძიებასა და სინოდის სხდომაზე განხილვის აუცილებლობაზე საუბრობენ ის მეუფეები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მსჯავრდებულ დეკანოზს შეხვდნენ.