„გამოწვევები არის და სწორედ გამოწვევებთან არის საბრძოლველად მთავრობა და პოლიტიკური გუნდი,“-ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი „NDI-ის კვლევის შედეგებს. დავით სერგეენკოს განცხადებით ეკონომიკური მიმართულება, რომ არის მთავარი გამოწვევა ეს, პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა.
„ახალ სამთავრობო პროგრამაში არის მისი გადაჭრის გზები. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ესეც ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია და მე ვფიქრობ, რომ გეგმა, რომელიც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა, იქნება წარმატებული,“-განაცხადა დავით სერგეენკომ და აღნიშნა, რომ მისი დაკვირვებით, წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგებსა და არჩევნების შედეგებს შორის დიდი განსხვავებაა ხოლმე.
კვლევას ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობა. სიმონ ნოზაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ დააყენებს საკუთარ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაშინ გაცილებით მეტი ამომრჩეველი გადაწყვეტს მის მხარდაჭერას.
„რაკიღა „ქართული ოცნება“ მოედანს უტოვებს ამ დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარებისათვის დამოუკიდებელ კანდიდატებს და სხვა პარტიების წარმომადგენლებს ამიტომაც არის, რომ გადაწყვეტილება ბევრ ამომრჩეველს ჯერ არ აქვს მიღებული,“-განაცხადა სიმონ ნოზაძე.
გიორგი გაჩეჩილაძე კი მმართველი გუნდის მთავარ შეცდომას ბანკებს უკავშირებს, რომელმაც დაამძიმა სიტუაცია და სწორედ ამის მიზეზია „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლება. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ის ასეთი კვლევის შედეგებს იყენებს მოვლენების პროგნოზირების დროს და ის ყოველთვის მართლდება.
NDI-იმ კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნდა. გამოკითხვის მიხედვით ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 20% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 11% "ნაციონალურ მოძრაობას," 4% კი "ევროპულ საქართველოს."