სასულიერო პირები საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწის შემდეგ, მამაოების ნაწილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.
სასულიერო პირები ასევე ამბობენ, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მარიხუანას ლეგალიზება. ამასთან, ისინი მოსამართლეებს ვინც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მოუწოდებენ ბოდიში მოიხადონ.
„არ არის სწორი, რომ ესეთი მნიშვნელოვანი საკითხები წყვიტოს ოთხმა ადამიანმა. საერთოდ მნიშვნელოვან საკითხებს უნდა წყვეტდეს მთელი ერი. რეფერენდუმი ხომ არსებობს. მოდი ვკითხოთ ჩვენს მოსახლეობას რა ურჩევნია იყოს ნებადართული თუ არ იყოს ნებადართული. ეს ოთხი მოსამართლე, რომ გვიყვარს ვამბობთ, რომ სასწრაფოდ შეცვალონ ეს თავიანთი გადაწყვეტილება. სასწრაფოდ ერის წინაშე ბოდიში მოიხადონ,“-განაცხადა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.
გადაწყვეტილების წინააღმდეგია დეკანოზი დავით ქვლივიძეც. სასულიერო პირი ამბობს, რომ მარიხუანას მომხმარებელი ადამიანი არის ავადმყოფი.
„ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის არის ავადმყოფი. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გადაწყვეტილება. ამით ფაქტიურად მოხდება ერის განადგურება,“-განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.