17 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
ლიცენზიები ტაქსის მძღოლებისთვის - ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა

ტაქსების რეგისტრაცია დღეს დილის 09:00 საათიდან სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით დაიწყო. ტაქსის მძღოლებს რეგისტრაციის გავლა, როგორც საიტზე- www.taxi.tbilisi.gov.ge, ასევე თბილისის გამგეობებშიც შეუძლიათ, სადაც მათ მერიის წარმომადგენლები დახვდებიან. კომპანიებში მომუშავე ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ სხვის სახელზე დარეგისტრირებული მანქანა, საკუთარ სახელზე დაირეგისტრირონ. ერთწლიანი ნებართვის ღირებულება მსუბუქ ავტომობილებზე 100 ლარია. ჰიბრიდულებზე - 50, ელექტრო ავტომობილებისთვის კი უფასო. მძღოლები, რომლებიც ლიცენზიას პირველ ოქტომბრამდე არ აიღებენ, 200 ლარით დაჯარიმდებიან. 

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ აღნიშნულ საიტზე რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადი მონაცემები, მართვის მოწმობისა და ავტომობილის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ნებართვის აღების პროცედურის გავლა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სატრანსპორტო სამსახური და საპატრულო პოლიცია მუდმივად გააკონტროლებს ახალი რეგულაციის დაცულობას, ასევე ჰიგიენურ სანიტარულ ნორმებს. მერიაში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები ტაქსის საფასურის ზრდას არ გამოიწვევს, რადგან ტაქსის მძღოლები თავისუფლდებიან დამატებითი გადასახადებისგან.

„საბუთი ნებართვის მფლობელმა უნდა ამობეჭდოს და ტაქსის სალონში თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოაკრას, ამავდროულად იმ შემთხვევაში თუ იყენებს ტაქსის მანიშნებელ ნიშანს ავტომობილის სახურავზე უნდა განათავსოს ყვითელი მანიშნებელი ნიშანი,“- აცხადებს მაია ბითაძე.

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს მოუწევთ საკუთარი ავტომობილების მორგება ვიზუალურ კრიტერიუმებზე, განისაზღვრება ტაქსების ფერი და აიკრძალება მარჯვენა საჭიანი ავტომობილები.

დღის ამბები