ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო.
ბრალდებული დეკანოზის უფლებადამცველები, სააპელაციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და დეკანოზ მამალაძეს მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ეს სასამართლო გადაწყვეტილება, საქართველოში გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.
საუკუნის საქმის ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას შეფასებით, უზენაესის ამ გადაწყვეტილებით, დეკანოზის პოლიტიკური დევნა გრძელდება. იგი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოდან საქართველოს უზენაესი სასამართლო "მწარე სილას მიიღებს."
"ქართული მართლმსაჯულება საბოლოოდ გარდაიცვალა და ის საბოლოოდ მიიღებს ამაზე ძალიან მწარე სილას სტრასბურგის სასამართლოდან, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლომ თქვას, არა უბრალოდ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ არაერთი დარღვევა, არამედ სტრასბურგის სასამართლო იყოს ყველაზე უფრო მკაცრი შეფასებისას, რაც კი ოდესმე ქართული მართლმსაჯულების წინაშე ყოფილა, ვინაიდან ეს არის უპრეცენდენტო დარღვევებზე დაფუძნებული საქმე, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არ აღმოაჩნდა იმის მინიმალური დამოუკიდებელი სტანდარტიც კი მათი დამკვეთებისგან, რომელიც ელემენტარულად ჩვენ მოსმენას მაინც გააბედინებდა სასამართლოში,“- აცხადებს გიორგი ფანცულაია.
ქართული მართლმსაჯულების საბოლოო გადაწყვეტილებას ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
უფლებადამცველებს გასაჩივრებისთვის დრო უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 6 თვე აქვთ. ადვოკატების განცხადებით, ისინი სტრასბურგის სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავენ.