17 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
მე ვიცი რა მოხდა ხორავას ქუჩაზე, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი - მიხეილ კალანდიას ძმა 

მე ვიცი რა მოხდა ხორავას ქუჩაზე, მაგრამ ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, ამას ვერ ვიტყვი - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სისხლიანი დაპირისპირების ერთ- ერთი მონაწილის, მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ.

ლუკა კალანდიამ  დღეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მისვე ინფორმაციით, პირველ დეკემბერს, ის ხორავას ქუჩაზე არ ყოფილა და ძმას პეტრიაშვილზე მიაკითხა.

„ხორავას ქუჩაზე მე არ ვყოფილვარ, შესაბამისად, ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით იმასთან დაკავშირებით, ვნახე თუ არა, იმიტომ რომ არ ვყოფილვარ... ვიცი რა მოხდა, ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, მაგას ვერ გეტყვით,“ - აღნიშნა ლუკა კალანდიამ.

ლუკა კალანდიას ბრალი დანაშაულის დაფარვაზე აქვს წაყენებული. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე მიხეილ კალანდიას ძმამ მიაწოდა მათ ის ინფორმაცია, რასაც ის ფლობს, რომელსაც შემდგომ გადაამოწმებენ.

„ის უშუალო თვითმხილველი არ არის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის, თუმცა ფლობს ინფორმაციას თავისი ახლობლებისგან და ასევე, სხვა ადამიანებისგან, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. ჩვენ სწორედ ამ ინფორმაციის მიღება გვაინტერესებდა, მან მოგვაწოდა ეს ინფორმაცია, რომელიც ბუნებრივია, ჩვენს მიერ იქნება გადამოწმებული, როგორც სანდოობაზე, ისე რამდენად  ეს იყო მართებული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი  მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ ლუკა კალანდიამ კონკრეტულ პირებზე მიუთითა.

დღის ამბები