5 თვიანი განხილვის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე უარი თქვა. მოსამართლეთა კოლეგიამ უარი ზეპირი მოსმენის გარეშე განაცხადა. საქმის ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე პოლიტიკური დევნა მმართველი გუნდის ინტერესებშია.
იურისტები გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ელოდებიან იმის გასაგებად თუ რის საფუძველზე არ მიიღო უზენაესმა სასამართლომ სარჩელი. მსჯავრდებულის ადვოკატები განაჩენის სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავენ.
მიღებულ გადაწყვეტილების გამო უზენაესი სასამართლო სასულიერო პირების ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა.
მათ შორის არის მეუფე პეტრე, რომელმაც მოსამართლის უარი საქმის განხილვასთან დაკავშირებით უტიფრობად შეაფასა.
უკვე ცნობილია, რომ წმ. სინოდის რამდენიმე წევრი საგანგებო შეკრებასაც გეგმავს. მღვდელმთავრების ნაწილი ამბობს, რომ კითხვები, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებობს უზენაესმა სასამართლომ პასუხგაუცემელი დატოვა, ამიტომ ახლა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი სასულიერო პირებმა უნდა იპოვონ.