17 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ნინო გვენეტაძე გადადგა - "კურიერთან" მოსამართლეები ამბობენ, რომ ქვეყნის მთავარი მოსამართლე შიდა ომს შეეწირა

ქვეყნის მთავარი მოსამართლე, ნინო გვენეტაძე, სამი დღის წინ გადადგა, რამაც კითხვები გააჩინა. გადადგომის ოფიციალური ვერსიის, რომ გვენეტაძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო წავიდა, არ სჯერა თითქმის არავის.

მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები კურიერს უყვებიან, რომ ნინო გვენეტაძე შიდა ომს შეეწირა.

გვენეტაძის მმართველობის დროს სასამართლოში რეალურად ორხელისუფლებიანობა იყო და სისტემას მართავდა სააპელაციო სასამართლო თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის, კლანი, რომელიც ქვეყნის 300-მდე მოსამართლიდან დიდ ნაწილს აკონტროლებს. სასამართლოს ხელმძღვანელს, ნინო გვენეტაძეს, მხარს მოსამართლეთა მცირე ჯგუფი უჭერდა.

მთავარი კომპრომატი გვენეტაძის წინააღდეგ ტესტების სკანდალი იყო. 2015 წლის 21-28 ნოემბერს მოსამართლეობის მსურველთა გამოცდების დროს მასთან დაახლოებულ კონკურსანტს ტესტები სრული სიზუსტით ჰქონდა დაწერილი. მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ ტესტებმა სასამართლოდან გაჟონა და კონკურსანტმა პასუხები წინასწარ იცოდა. ორი წლის თავზე საქმე გამოუძიებელია.

არასამთავრობო სექტორს ეჭვი აქვს, რომ სწორედ თაროზე შემოდებული საქმით ქვეყნის მთავარ მოსამართლეს აშანტაჟებდნენ. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე, კურიერს უყვება, რომ კომპრომატით, რომელიც გვენეტაძის წინააღდეგ პროკურატურას და სასამართლოს სისტემის "რუხ კარდინალებს" ჰქონდათ, გვენეტაძეს წლების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებდნენ.

ნინო გვენეტაძის გადადგომა დროში დაემთხვა უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული ე.წ. ციანიდის საუკუნის საქმე წარმოებაში არ მიიღო.

ვინ შეცვლის ნინო გვენეტაძეს, ეს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაირკვევა. პრეზიდენტი პროფესიულ წრეებთან კონსულტაციებს მომავალი კვირიდან იწყებს.

იმ შემთხვევაში, თუ მის კადრს პარლამენტი ჩააგდებს, ახალი საკონსტიტუციო რეგულაციების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს გვენეტაძის შემცვლელს საკანონმდებლო ორგანოს უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს.

ამავე თემაზე
დღის ამბები