ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზი ამბობს, რომ მასთან შესული მეუფეები დეტალურად ისმენენ ყველა იმ მიზეზს, რამაც ციანიდის საქმის „შეთითხვნა“ განაპირობა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე შაბათის კურიერთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ ვერ ისაუბრებს დეტალურად იმ საკითხებზე, რისი მოსმენის შემდეგაც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსული მეუფეები ამბობენ, რომ დეკანოზი მსხვერპლია.
„ეს საკითხი არის, პირველ რიგში, შიდა საეკლესიო საკითხი და ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ეკლესიაში. თუ ეს საკითხი ეკლესიაში არ გადაწყდება, როგორც მაცხოვარი გვასწავლის, პირველად უნდა მოხდეს საუბარი პირისპირ, რაც არაერთხელ გამიკეთებია. შემდეგ უნდა მოხდეს საძმოსთან ერთად. ის საძმო არის სწორედ ეკლესია, კრებული სინოდის შიგნით და, თუ ეს სინოდის შიგნით არ გადაწყდება, უნდა მოხდეს საერთო მხილება და საერთო განხილვა.
"შიდა საძმოში არ სურთ ამ პრობლემების განხილვა, რამაც განაპირობა ის, რომ მოხდა შეთითხნილი საქმის წარმოება, რომელიც არის ე,წ. "ციანდის საქმე“ - ამბობს დეკანოზი.
მამა გიორგი მამალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ის საპატრიარქოს ქონების სამსახურის უფროსად დაინიშნა, მასზე არაერთი ზეწოლა განხორციელდა. სწორედ ამ ზეწოლისა და მასზე გავლენის მოპოვების მცდელობის ფაქტების შესახებ უამბო მასთან საკანში შესულ ეპისკოპოსებს.
„ჯერ კიდევ 2015 წლიდან, როდესაც მე დავინიშნე საპატრიარქოს ქონების მართვის სააგენტოს უფროსად, იქიდან მოყოლებული დაიწყო პირდაპირ მიზანმიმართული ძალადობა ფსიქოლოგიურიც და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ზეწოლა. ამას ჰყავს მოწმეები, კონკრეტული მოწმეები - სახელმწიფოში არსებული თანამდებობის პირები და სწორედ ამ საკითხებზე საუბარი არ სურთ. ეს ერთი და მეორე, არსებობს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები, რომელიც ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე არსებობდა. სწორედ ამ ფაქტებში შესვლის შემდგომ მღვდელმთავრები აკეთებენ იმ განცხადებებს, რასაც აკეთებენ,“ - ამბობს დეკანოზი.