„ეს არის უმეცარი ნაბიჯი ამ ხელისუფლებიდან, რაც გადადგეს, რომ ჩვენ დაგვადანაშაულეს უკვე ტერორიზმში,“ - ეს განცხადება დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, სტრასბურგში დაგეგმილი გამგზავრების ჩაშლასთან დაკავშირებით შაბათის კურიერის ეთერში გააკეთა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა.
„ხელისუფლებამ გადაწყვიტა ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის განადგურება,“ - განაცხადა სარალიძემ.
ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც ამ შეხვედრებს ორგანიზებას უწევდა, ამბობს, რომ სუს-მა წერილი გააგზავნა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ იგეგმებოდა ტერორიზმში ბრალდებულის ჩაყვანა.
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ აუცილებლად გაარკვევენ და სამართლებრივი შეფასება უცხო ქვეყნებიდან მოჰყვება იმას, თუ რომელი მათგანი გამოაცხადეს ტერორისტად.
„თუ ბატონი მალხაზი დაადანაშაულეს ტერორიზმში ე.ი. მე და ქალბატონი ელისო ვართ ხელისშემწყობი,“ - აცხადებს ზაზა სარალიძე.
სარალიძის თქმით, სისტემა ცდილობს, მათი საქმეები საზღვრებს გარეთ არ გავიდეს.
„ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა სპეციალურად იქიდან გამომდინარე, გუშინ რასაც ვუსმინეთ კომისიაზე, ბატონი შოთაძის გამოსვლას, ეს პირდაპირი მესიჯი იყო იმის, რომ არავის დაკავებას არ აპირებენ ესენი,“ - განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე პრემიერთან შეხვედრა სურს, თუმცა, ამ დრომდე არავინ შეხმიანებია.
ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიება მიხეილ კალანდიას იცავს.
„ფაქტია, მირზა სუბელიანმა მიხეილ კალანდიას და თავის შვილს შორის გააკეთა ჩანაცვლება, გაცვალა თავის თავი ამ ორ ადამიანში,“ - განაცხადა სარალიძემ.