„მოვითხოვთ გერმანიის ელჩთან შეხვედრას იმიტომ, რომ უფრო დეტალურად გავარკვიოთ, რაშია საქმე,“ - ეს განცხადება ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორმა, ელისო კილაძემ, სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლის შესახებ გააკეთა.
სტრასბურგში გამგზავრებასთან დაკავშირებით ელისო კილაძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, მათ შსს-ს და სუს-ს მიმართეს კითხვით, რაიმე პრობლემა ხომ არ შეიქმნებოდა მათი გამგზავრების შემთხვევაში.
კილაძის თქმით, სუს-იდან გადაამისამართეს შსს-ში, საიდანაც აკრძალვებზე შეტყობინება არ მიუღიათ.
„გერმანიის ფედერალურ პოლიციაში გამოძიება დაწყებულია იმ შეტყობინებასთან დაკავშირებით, როგორც ირკვევა, ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი დოკუმენტი. მე ყველა მასალას, ჩვენი ბრიფინგის და წერილების ჩათვლით ორშაბათს გადავაგზავნი ისევე, როგორც აშშ-ის მოქალაქის შეყოვნებასთან და ტერორიზმში დადანაშაულებასთან დაკავშირებით FBI-ში, როგორც მე მითხრეს, დაწყებულია გამოძიება და ორშაბათიდან აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ გამოძიების ფარგლებში,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგში დღეს ღამით მიფრინავდნენ, თუმცა, მოულოდნელად გაარკვიეს, რომ თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ოთხკაციან ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან.