10 წელი აგვისტოს ომიდან - დღეს ქვეყანა 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს იხსენებს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და დაღუპულებს პატივი მიაგეს მეხანძრე-მაშველებმა.
„ძალიან რთული პერიოდები მოგვიწია, იყო ბინებში ხანძრები, იყო ასევე, ეზოებში, ავტოფარეხებში და თითოეული მეხანძრე-მაშველი გმირულად იბრძოდა ხანძართან,“ - განაცხადა მეხანძრე-მაშველმა, ლევან ჟამერაშვილმა.
გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დაბომბვის შედეგად ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით 300 მაშველი მუშაობდა.
„დაახლოებით, 300 მაშველი ვიყავით გორში მობილიზებული ომის პერიოდში და ძალიან სტრესულ მდგომარეობაში გვიწევდა მუშაობა, თან მიმდინარეობდა დაბომბვები და ხალხი იყო გადასარჩენი,“ - განაცხადა მეხანძრე-მაშველმა, ნიკოლოზ გიორგიძემ.
5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა ათას 747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.
მთავრობის წევრების და საქართველოში მყოფი სტუმრების გარდა, დაღუპულებს პატივი მიაგეს სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა. მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებიან დაღუპულთა ოჯახის წევრებიც.